2025 წლის 16 მაისს, პრაღის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ლიტერატურაში ევროკავშირის პრიზის – EUPL – დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ფინალისტებს შორის იყო ქართველი ავტორი, თეა თოფურია, წიგნით „იაკობის ჭასთან“. თეა თოფურიას კანდიდატურა ამ პრემიაზე პენ საქართველომ წარადგინა.
დაჯილდოება პრაღის „ბოჰემიის პავილიონში“ ჩატარდა. თითოეულ ფინალისტს ჰქონდა საშუალება, მოკლედ ესაუბრა მისთვის მნიშვნელოვან თემაზე და მშობლიურ ენაზე წაეკითხა ამონარიდი კონკურსში მონაწილე წიგნიდან. თეა თოფურიას გამოსვლა ეხებოდა საქართველოში მომხდარ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ ცვლილებებს, მთავრობის პრორუსულ პოლიტიკასა და ქართველი მწერლებისა და გამომცელობების ბოიკოტს.
პრემიის წლევანდელი გამარჯვებული გახდა იტალიელი ავტორი, ნიკოლეტა ვერნა, რომანით „შუშის დღეები“.
ევროკავშირის პრიზი ლიტერატურაში ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა ავტორებისთვის: ის ეხმარება გამარჯვებულსაც და ფინალისტებსაც ნაწარმოებების სხვადასხვა ენაზე თარგმნასა და გამოცემაში და გარდა თარგმანებისა, აფინანსებს ფინალისტების მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო ლიტერატურულ ფორუმსა და ღონისძიებაში, რითაც მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს აძლევს ავტორებს.
წარმატებებს ვუსურვებთ თეა თოფურიასა და მის შესანიშნავ წიგნს, „იაკობის ჭასთან“.