ზვიად რატიანისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ. თუმცა, სავარაუდოდ, 353 პრიმა მუხლით ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ჯერჯერობით არაა ცნობილი, როდის გაიმართება სასამართლო.
დაკავებული ინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და ადვოკატმა.
ზვიად რატიანისთვის ეს პირველი პატიმრობა არ არის. ის 2024 წლის 28 ნოემბერს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პარლამენტთან დააკავეს. დაკავებისას მას სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ. 2 დეკემბერს კი სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
2017 წელს ზვიად რატიანი ასევე დააკავეს ადმინისტრაციული წესით.
ზვიად რატიანს რუსთაველზე დგომისთვის 15-ზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმა აქვს შეფარდებული.
პენ საქართველო მოითხოვს ზვიად რატიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და სთხოვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს — PEN International-სა და PEN America-ს გაავრცელონ ინფორმაცია.