ნინას სტუმრობა

არჩილ ქიქოძე

ცხრა წლის წინ ნინა თბილისის ლიტერატურულ ფესტივალზე წავიყვანე.

თვითონ მთხოვა. რუსი მწერლის ბიკოვის გაცნობა აინტერესებდა.

სანამ ბიკოვთან შეხვედრა დაიწყებოდა, ჩილელი პოეტი გავაცანი, ნერუდას რომ იცნობდა და „მაესტროდ“ რომ მოიხსენიებდა.

გამარჯობის ნაცვლად პოეტმა ნინას შესჩივლა, რომ სხვადასხვა ქალისგან ძალიან ბევრი შვილი ყავს, უფროსი 43 წლისაა და უმცროსი − სამის და უკლებლივ ყველა მათგანს მამა ტრაკად მიაჩნია.

ნინას შეებრალა და სასმელზე დაპატიჟა. პოეტმა ჩათვალა, რომ ნინა უნდა დაეკერა და კიდევ ერთი გულსაკლავი ამბავი მოყვა − როდესაც პინოჩეტის ჩილეს თავი დააღწია და შვედეთს შეაფარა თავი, იქ მიხედეს, უმკურნალეს, რეჟიმისგან ნაწამები მოარჩინეს, მერე კი შესთავაზეს, ისეთ პრეპარატს დაგალევინებთ, შენი ტკივილი დაგავიწყდებაო.

არა! − მაგიდას მუშტი დაარტყა ჩილელმა, − მე ვუთხარი, რომ თუ ტკივილი დამავიწყდება, მაშ ჩემი პოეზია რიღათი ისაზრდოებს.

ლათინოსი პოეტი პინოჩეტის მსხვერპლი იყო, ნინა, ამერიკელი პროფესორი, რუსი ებრაელების ჩამომავალი და ოდესღაც რეიგანის მრჩეველი, მაშინ, როცა გორბაჩოვთან პირველი შეხვედრის წინ რეიგანს რუსულ კულტურაში ზედაპირულად გარკვევა დასჭირდა.

ტკივილისგან ნაკვები პოეზია ახსენა თუ არა, ჩილელმა გადაწყვიტა, მოქმედების დრო იყო. ნინას თვალებში ღრმად ჩახედა და ხელზე მოეფერა. ნინა დაფრთხა და ფეხზე წამოხტა. ტუალეტში წასვლა მოიმიზეზა, დაგვტოვა და იქიდან ბიკოვთან შეხვედრაზე შეიპარა.

ტუალეტისკენ მიმავალ ნინას ჩილელმა სრულიად სევდიანი მზერა გააყოლა, ამოიოხრა და: შენ უყვარხარო, − მითხრა.

She loves you…

დავიბენი. მინდოდა მეთქვა, რომ − არა, ნინა ხომ ხნიერია. მაგას როგორ ვიტყოდი?! ხნიერი იყო ჩილელიც.

გამორიცხულია, მე ვუყვარდე იმიტომ, რომ ჩემი ცოლის მეგობარია.

ამაზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე.

ჩილელმა ჩემდამი ინტერესი დაკარგა და მალე დამტოვა. მეც კიბეებისკენ წავედი, სადაც პოეტი ზვიად რატიანი იჯდა თავის შვილ ლექსოსთან ერთად. ბიკოვთან შეხვედრაზე ჩვენ არ შევსულვართ. დავლიეთ, ვილაპარაკეთ. მანამდე მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდით ერთმანეთს. ლექსოს გიტარა ჰქონდა წამოღებული და მამის თხოვნით რამდენიმე თავისი სიმღერა იმღერა, სხვისიც…

− რა მაგარი ბიჭი გყოლია, ზვიად! რა საკაიფო სიმღერა დაუწერია.

ლეონარდ კოენის Suzann-ზე ვუთხარი და გავაკვირვე.

მე კი ვახერხებ, რომ დღეგამოშვებით რაღაც უცნაური და სასაცილო დამამართოს, მაგრამ ეს არ იყო იმ დღეს მთავარი.

იმ დღის მერე ზვიად ბევრჯერ შევხვედრილვარ, დაგვილევია კიდეც, მაგრამ ეგეთი ნამდვილი და კარგი ერთად არაფერი გადაგვხდენია. ძალიან კარგად ვიჯექით. მერე მთვრალ ბიკოვზე გულაცრუებული ნინაც შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად იმანაც კარგი დრო გაატარა.

ახლა ზვიადი ციხეშია. მე რომანს ვამთავრებ.

ჩემი შვილის, ფიქრიას „ვოლზე“ ვნახე, მისი ლექსიდან ციტატა.

„ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელი და საზეპირო სიყვარულით.“

თვითონ ჩემთვის არაერთხელ უთქვამს, რომ ამაზე ბევრად უკეთესები დაუწერია, მაგრამ ყველას ეს ლექსი აკერია პირზეო.

ზვიადი ციხეშია იმიტომ, რომ მისთვის აუტანელი იყო, რაც ჩვენს თავს ხდებოდა. აუტანელი იყო, რომ უდანაშაულო ახალგაზრდები ციხეში იყვნენ და თვითონ − გარეთ. ვიღაცისთვის უთქვამს კიდეც: მე ხვალ აქ აღარ ვიქნებიო. მოემზადა და გააკეთა ის, რაც გააკეთა.

მისი „დანაშაულის“ კადრები არსებობს. ჩვენზე მოთვალთვალე ქუჩის კამერის მიერ არის გადაღებული და, რა თქმა უნდა, ხმა არ ისმის.

პოლიციელებს რაღაცას ელაპარაკება და მერე ერთ-ერთს სილას ურტყამს.

იჭერენ. მიყავთ.

ვიღაცა აღფრთოვანებული მეუბნებოდა: რა მაგრად დაარტყაო!

მე კიდევ მგონია, რომ არ დაურტყია მაგრად.

ისინი, ვისაც გამოზომილად და გამიზნულად შეუძლიათ ადამიანისთვის ძლიერი ტკივილის მიყენება, მეორე მხარეს დგანან.

ჯერჯერობით ასეა.

წელს ისევ გვესტუმრა ნინა, საკუთარი დარდებით და სათქმელით. ტრამპის ამერიკიდან ჩამოსულს, მოსაყოლი ბევრი ჰქონდა.

თქვენთან რა ხდება?

გახსოვს ნინა, ის პოეტი, ერთად რომ დავლიეთ მწერალთა სახლში. მისი შვილი რომ გიტარაზე უკრავდა და მღეროდა.

მახსოვს.

მგონია, რომ მართლა ახსოვს. ნინას ფენომენალური მეხსიერება აქვს.

ის პოეტიც ციხეშია.

Total
0
Shares
Total
0
Share