ორი ქვეყნის, საქართველოსა და აზერბაიჯანის რეჟიმი სასიკვდილოდ იმეტებს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, რომელიც თბილისში 2024 წლის 3 აგვისტოს შემდეგ საექსტრადიციო პატიმრობაშია. სადიგოვი 136 დღეა შიმშილობს და უკვე ორი დღეა, მშრალ შიმშილობაზე გადავიდა − აღარ იღებს წყალსა და მედიკამენტებს. ჟურნალისტი 56 კილოგრამს იწონის და პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი იყოს.
14 იანვარს სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა. სარჩელი სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ შეიტანა.
ამავე ორგანიზაციის თანასწორობის პოლიტიკის დირექტორის, თამთა მიქელაძის ცნობით, სასჯელაღსრულების N18 დაწესებულებამ, არ მისცათ საშუალება, რომ აფგან სადიგოვისთვის შეეგზავნათ აზერბაიჯანული წიგნები, აბსურდული მიზეზით, რომ ციხეში მხოლოდ ქართული, ინგლისური და რუსული წიგნებია დასაშვები.
აფგან სადიგოვი 2024 წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და უკვე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, როდესაც აეროპორტში ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს.
მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სინდისის პატიმარია. ის მხოლოდ იმიტომაა პატიმრობაში, რომ ლაპარაკობდა სიმართლეს აზერბაიჯანის ავტორიტარული რეჟიმისა და ქვეყანაში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების შესახებ.
მშრალი შიმშილობა სასიკვდილო საფრთხეა ადამიანისთვის, რომლის ორგანიზმიც ისედაც გამოფიტულია რამდენიმეთვიანი შიმშილობით.
პენცენტრი კიდევ ერთხელ მოითხოვს აფგან სადიგოვისა და სხვა სინდისის პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!