პენ საქართველო მკაცრად გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას.
ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევამ და ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრებამ გამოხატვის თავისუფლება რეპრესიების პირდაპირ სამიზნედ აქცია.
ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს ხელისუფლების კრიტიკისთვის აპატიმრებენ, ხოლო თავისუფალი სიტყვა დასჯის საფუძველად იქცევა, დემოკრატია აღარ არსებობს. ვახო სანაიას დაპატიმრებას ერთ კონკრეტულ შემთხვევად ვერ განვიხილავთ − ეს განსხვავებული აზრის დევნისა და მოქალაქეების დაშინების სისტემური პოლიტიკის ნაწილია.
პენ საქართველო სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და მოითხოვს მისი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაუქმებას.
ფოტო: რადიო თავისუფლება