დღეს, 24 ივლისს, PEN International-ის საიტზე გამოქვეყნდა PEN Georgia-ს, PEN International-ის და PEN America-ს ერთობლივი ანგარიში, რომელიც მათ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წარუდგინეს.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისას (UPR), 2026 წლის იანვარში განიხილავს.
საქართველოში მწერლების, ჟურნალისტებისა და ხელოვანების უსაფრთხოება კვლავ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს — ხშირია მუქარები და თავდასხმები სამართალდამცავი უწყებების მხრიდან, ხოლო ამ საქმეების გამოძიება არაეფექტურია ან სრულადაა უგულებელყოფილი.
ანგარიში სრულად ასახავს საქართველოს ხელისუფლების დაუნდობელ და სისტემურ თავდასხმას დამოუკიდებელ ხელოვანებზე და მოუწოდებს გაეროს წევრ სახელმწიფოებს, გადადგან მტკიცე ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.
PEN საქართველოს პრეზიდენტი, ხათუნა ცხადაძე:
− საქართველოს ხელისუფლებამ სისხლის სამართლის კანონმდებლობა პოლიტიკურ იარაღად გადააქცია და წამოიწყო უპრეცედენტო საკანონმდებლო თავდასხმა ფუნდამენტურ უფლებებზე, რაც მიზნად ისახავს ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობას. PEN-ის მიერ წარდგენილი ანგარიში აჩვენებს ამ შეტევის მასშტაბსა და სისწრაფეს — დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება გადარჩენის ზღვარზეა. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიები და გააუქმოს თავისუფლებების შემზღუდავი კანონები.
PEN International-ის პატიმრობაში მყოფი მწერლების კომიტეტის თავმჯდომარე, მაა თიდა:
− საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები პოლიციის მხრიდან არალეგალური ძალის გამოყენებით იშლება, რასაც მოსდევს დემონსტრანტების მძიმე დაშავება, უსაფუძვლო დაკავებები, უსამართლო პროცესები და ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნა. დაკავებულებს შორის არიან ვეტერანი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და ცნობილი პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი, რომელთაც პოლიტიკური აქტივიზმის გამო სრულიად უსაფუძვლოდ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მოვითხოვთ მათ დაუყოვნებელ გათავისუფლებას.
PEN America-ს PEN/Barbey Freedom to Write Center-ის დირექტორი, ლიზლ გერნტჰოლცი:
− საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად უტევს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც განსხვავებულ პოზიციებს გამოთქვამენ. ჩვენ ვდგავართ ქართველი მწერლებისა და ხელოვანების გვერდით და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს ქართული კულტურის დამოუკიდებლობასა და სიცოცხლეს.
PEN საქართველო, PEN International და PEN America მოუწოდებენ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, შეაფასონ ადამიანის უფლებების დარღვევები და გააძლიერონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე. დეტალური ფაქტები და კონკრეტული რეკომენდაციები მოცემულია სრულ ანგარიშში.