კალამი დუმილის წინააღმდეგ
წელს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი მეათედ ტარდება, თუმცა წლევანდელი კონტექსტი ჩვენთვის უჩვეულო და რთულია, რადგან მწერალთა და მკითხველთა დიდი ნაწილი უკვე თითქმის მთელი წელია, უპირისპირდება ავტორიტარულ სახელმწიფოს. ქვეყანას 60-მდე პოლიტპატიმარი ჰყავს, ციხეში არიან პოეტი ზვიად რატიანი და ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. 2025 წლის ფესტივალის მთავარი თემაც – კალამი დუმილის წინააღმდეგ – თანამედროვე საქართველოს რეალობას ეხმიანება: ეს არის დუმილი, როგორც თანხმობის მეტაფორა, თანხმობისა იმაზე, რაც თრგუნავს, ზღუდავს და ანადგურებს თავისუფალ აზროვნებას; დუმილი, როგორც შიში რეპრესიის, ცენზურის, ძალადობის წინაშე, დუმილი, როგორც კონფორმიზმი, თვითცენზურა; დუმილი, როგორც უარი ბრძოლაზე, სოლიდარობაზე, ჩაგრულთა დაცვაზე.
წლევანდელი ფესტივალის თემა მხოლოდ ცენზურას ან პოლიტიკურ რეპრესიებს არ ეხმიანება, ის გაჩუმების, დადუმების სხვა ფორმებსაც მოიცავს: ისტორიული მეხსიერების წაშლას, კულტურული იდენტობის დეფორმაციას, კრიტიკული აზროვნების დათრგუნვას, მრავალფეროვნების განადგურებას.
კალამი – სიტყვით ბრძოლის სიმბოლო – ლიტერატურის უკომპრომისო პასუხია ამ სიჩუმეზე.

წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 19 ავტორი 15 ქვეყნიდან:
სიონი (ისლანდია)
პირკო საისიო (ფინეთი)
იანე თელერი (დანია)
კულუკ ჰელმსი (დანია)
მეგან ნოლანი (ირლანდია)
დენიზ უტლუ (გერმანია)
მარკუს მავილ ვიტსელი (გერმანია)
ანა აიანოგლუ (საფრანგეთი)
პაოლო ჯორდანო (იტალია)
ერიკ სკოტი (აშშ)
ლუდმილა დიადჩენკო (უკრაინა)
დარიუშ სოსნიცკი (პოლონეთი)
ივარს შტაინბერგსი (ლატვია)
არამ პაჩიანი (სომხეთი)
ჟოფია ბალდიგა (ჩეხეთი)
აზად იაშარი (აზერბაიჯანი)
უილიამ გონსალეს გევარა (ნიკარაგუა/ესპანეთი)
პერუ საისპრესი (პერუ)
ანია შმიტერი (შვეიცარია)
* * *
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 2015 წელს დაარსდა „მწერალთა სახლში“ და ქვეყნის კულტურული ლანდშაფტის განუყოფელ ნაწილად, კავკასიის რეგიონში უნიკალურ ლიტერატურულ მოვლენად იქცა, რომელიც ხელს უწყობს მრავალფეროვანი კულტურული პროცესის განვითარებას და თბილისს რეგიონულ კულტურულ ცენტრად აქცევს. ფესტივალის განმავლობაში იმართება თემატური დისკუსიები, პრეზენტაციები, შეხვედრები ქართველ და უცხოელ მწერლებთან, ლიტერატორებთან, მთარგმნელებსა და პერფორმერებთან. ფესტივალი თანამედროვე სახელოვნებო პროცესებთან წვდომის საშუალებას აძლევს ლიტერატურითა და ხელოვნებით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას. ცხრა წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს 200 მდე ავტორი ეწვია 40-ზე მეტი ქვეყნიდან, ჩატარდა 300-ზე მეტი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება.
ბოლო ორ წელიწადში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა კულტურის სფეროს. სამთავრობო ორგანიზაციების კარი ჩაიკეტა დამოუკიდებელი მწერლებისა და ხელოვანებისთვის. 2024 წელს ლიტერატურული ფესტივალი „პენ საქართველოს“ – სიტყვის თავისუფლების, სამწერლო და ჟურნალისტური საქმიანობის დამცველი ორგანიზაციის – ეგიდით გაიმართა. ამით დაიწყო ფესტივალის სიცოცხლის ახალი ეტაპი: სახელმწიფო ინსტიტუტების მონაწილეობის გარეშე, ალტერნატიულ სივრცეებში.
ორგანიზატორებისთვის წლევანდელი ფესტივალი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მეტ ადამიანს მივაწვდინოთ საპროტესტო ხმა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი ფესტივალიც დარჩება საქართველოს ლიტერატურული ცხოვრების ისტორიაში, როგორც საინტერესო და შთაგონების მომცემი მოვლენა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილი.
თბილისის მეათე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის წარმდგენია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი. ფესტივალის პარტნიორია ვერსოპოლისის ევროპული პლატფორმა. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: პოლონეთის ინსტიტუტი‚ დანიის კულტურის ინსტიტუტი‚ ფრანგული ინსტიტუტი‚ იტალიის საელჩო‚ დანიის სამეფოს საელჩო‚ ესპანეთის საელჩო‚ შვეიცარიის საელჩო‚ Literature Ireland‚ Icelandic Literature‚ ჟურნალი ქართული მწერლობა‚ ჟურნალი “ინდიგო”‚ რადიო თავისუფლება‚ მოძრაობის თეატრი.
პროგრამის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს წარმდგენი, პარტნიორი და მხარდამჭერი ორგანიზაციების შეხედულებებს.