„პენ საქართველო“ გერმანული ფონდების იძულებით გასვლას ეხმაურება

„პენ საქართველო“ ეხმაურება საქართველოში ოთხი გერმანული პოლიტიკური ფონდის – კონრად ადენაუერის, ფრიდრიხ ნაუმანის, ჰაინრიხ ბიოლისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდების საქმიანობის იძულებით შეჩერებას.

„პენ საქართველო“ ეხმაურება საქართველოში ოთხი გერმანული პოლიტიკური ფონდის – კონრად ადენაუერის, ფრიდრიხ ნაუმანის, ჰაინრიხ ბიოლისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდების საქმიანობის იძულებით შეჩერებას. ათწლეულების განმავლობაში ეს ფონდები მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში. მათი მხარდაჭერით ხორციელდებოდა სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, განათლებისა და კვლევის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, კულტურისა და ევროპული ინტეგრაციის ხელშემწყობი არაერთი პროექტი. მათ შექმნეს შესაძლებლობები ჟურნალისტებისთვის, მკვლევრებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისთვის, მწერლებისთვის, ახალგაზრდებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოსა და ევროპას შორის კავშირების გაძლიერებაში.

„პენ საქართველოს“ შეფასებით, გერმანული პოლიტიკური ფონდების გასვლა დემოკრატიული უკუსვლისა და სამოქალაქო სივრცის თანმიმდევრული შევიწროების კიდევ ერთი მკაფიო ნიშანია. ამგვარი პროცესები გაიარეს რუსეთმა, ბელარუსმა და აზერბაიჯანმა. დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული კანონები და შეზღუდვები, კრიტიკული აზრის დევნა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ხელოვნურად შეზღუდვა საქართველოს სულ უფრო აშორებს  ევროპულ მომავალს.

„პენ საქართველო“ მადლობას უხდის კონრად ადენაუერის, ფრიდრიხ ნაუმანის, ჰაინრიხ ბიოლისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდებს საქართველოში გაწეული მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისა და ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის.

სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ორგანიზაციასა და ადამიანს, რომელთა თავისუფალი საქმიანობაც დღეს საფრთხის ქვეშ დგას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: თავისუფალი სიტყვის, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო თანამშრომლობის შეზღუდვა ქვეყნის სრული იზოლაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

Total
0
Shares
Total
0
Share