მივიჩნევთ, რომ განაჩენი, რომელიც 6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს გამოუტანა, უსამართლოა, ჟურნალისტის სამაგალითოდ დასჯას და წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართული ადამიანების დაშინებას ისახავს მიზნად.
მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არც ერთი მტკიცებულება. მან მხოლოდ ბრალი გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო არა პოლიციელზე თავდასხმის, არამედ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით.
მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი ასე აფასებს განაჩენს: „მთელი ხელისუფლება იყო ჩართული მზიას წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიაში, ეს იყო მათთვის ვითომ სახის შენარჩუნების მცდელობა. ამას არაფერი საერთო არ აქვს 353-ე მუხლის კვალიფიკაციასთან. გასაგებია, რომ ეს ყველას ბრძოლის შედეგია, მაგრამ ეს არ არის სამართალი”.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო და დღისით გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე 12 იანვარის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს.
მზია ამაღლობელმა 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. მანამდე, პოლიციის უფროსმა მზიას სახეში შეაფურთხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, მისი ბრძანებით მზია ამაღლობელს აეკრძალა წყლის დალევა და საპირფარეშოთი სარგებლობა.
მზია ამაღლობელმა, პროტესტის ნიშნად საპატიმროში 38 დღის განმავლობაში იშიმშილა.