უკიდურესად შემაშფოთებლად მიგვაჩნია ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება, დაეწყო სისხლის სამართლის გამოძიება შვიდი გამორჩეული და მამაცი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ უმძიმესი მუხლებით, რაც გულისხმობს საბოტაჟს (სასჯელი – 10-20 წელი, უვადო); უცხოური ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას (7-15 წელი); საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას ან ამგვარი საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას (15-20 წელი).
ეს ორგანიზაციები წლების მანძილზე მხოლოდ აძლიერებდნენ ქართულ სახელმწიფოს – ხელს უწყობდნენ ადამიანის უფლებების დაცვას, დამოუკიდებელი მედიის განვითარებას, დემოკრატიის გაძლიერებას, არჩევნების სამართლიანად ჩატარებას და ა.შ.
პენ საქართველო სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს „სამოქალაქო საზოგადოების ფონდს“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ (IDFI), „დემოკრატიის მცველებს“, „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას“ (GDI), „საფარს“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრს“ და მიიჩნევს, რომ ეს არის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, და ასევე – გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლების მოსპობის კიდევ ერთი მცდელობა.
ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება სამომავლოდ აისახება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ცხოვრებაზე – მათ შორის ბავშვებზე, ქალებზე, შშმ პირებზე, მშრომელებზე და ა. შ., საფრთხეს უქმნის ვიზალიბერალიზაციის და ზოგადად, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსს.