პენ საქართველო ეხმაურება პოეტ ზვიად რატიანის განცხადებას, რომელიც მან დღევანდელი სასამართლო სხდომის დასასრულს გააკეთა: „ამიკრძალეს ბლოკნოტისა და კალმის შემოტანა, შემიზღუდეს პაემნები“.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დრომდე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლად შეიძლებოდა კალმების, ბლოკნოტების და რვეულების პატიმრისთვის შეგზავნა. რამდენიმე დღის წინ, ზვიად რატიანის მეგობრისგან ციხეში საწერი მასალები აღარ მიიღეს და განაცხადეს, რომ მათი შეგზავნა აიკრძალა − პატიმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ციხის მაღაზიით.
ზვიად რატიანმა სასამართლოზე ასევე თქვა, რომ ვერც ციხის მაღაზიაში ახერხებს საწერი მასალების შეძენას და აღნიშნა ისიც, რომ მისი თანამოსაკნეები თავისუფლად სარგებლობენ ამ უფლებით.
დაუშვებელია, პოეტს შეეზღუდოს წერის შესაძლებლობა. მოვუწოდებთ ციხის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს თანამედროვეობის ერთ საუკეთესო ქართველი პოეტი, სინდისის პატიმარი ზვიად რატიანი საწერი მასალებით.