PEN International-ი – საქართველო: პოეტსა და მთარგმნელს, ზვიად რატიანს პატიმრობა მიუსაჯეს

PEN International-მა და პენ საქართველომ   გამოაქვეყნეს სპეციალური განცხადება ზვიად რატიანის საქმეზე. გთავაზობთ განცხადების თარგმანს.

ზვიად რატიანი წლების განმავლობაში არაერთხელ ქცეულა ხელისუფლების სამიზნედ თავისუფალი შეხედულებების გამო. მისი დასჯა ააშკარავებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ჩაახშოს ნებისმიერი განსხვავებული აზრი.  მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დასრულდეს საქართველოში პროტესტის მონაწილეთა პოლიტიკური დევნა და დაცული იქნას მათი ფუნდამენტური უფლებები,“ — განაცხადა მა თიდამ, PEN International-ის კომიტეტის, „მწერლები ციხეში“ თავმჯდომარემ.

10 ოქტომბერი, 2025: პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ციხიდან და ჰქონდეს უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება — აცხადებენ PEN International-ი და პენ საქართველო. პოლიტიკური მოტივებით რატიანისთვის ორწლიანი სასჯელის გამოტანის შემდეგ, ორივე ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს განსხვავებული აზრის დევნა.

2025 წლის 9 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცნობილ პოეტსა და მთარგმნელს, ზვიად რატიანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის („წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საჯარო მოხელის მიმართ“) საფუძველზე ორ წლით აღუკვეთა თავისუფლება. რატიანი 2025 წლის 23 ივნისს პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან პოლიციელს სილა გააწნა. რატიანს პოლიციელზე თავდასხმის არაპროპორციული ბრალდება წაუყენეს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. PEN International-მა და პენ საქართველომ ინციდენტის ვიდეოჩანაწერები გადაამოწმეს, რომელთა მიხედვითაც, ხელის გარტყმას პოლიციელისთვის ფიზიკური ზიანი არ მიუყენებია. ქართული ლიტერატურული საზოგადოება რატიანის მხარდასაჭერად გაერთიანდა, მაგრამ შუამდგომლობები პოეტის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ბოლო წლებში რატიანი რამდენჯერმე იქცა სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურების სამიზნედ. 2024 წლის 29 ნოემბერს პენ საქართველომ გვაუწყა იმის შესახებ, რომ პოლიციელებმა რატიანს სასტიკად სცემეს თბილისში. მან მიიღო მძიმე დაზიანებები — მათ შორის ცხვირისა და ნეკნების მოტეხილობა. 2024 წლის 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი 8 დღით დააპატიმრა ადმინისტრაციული წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით („წვრილმანი ხულიგნობა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობა“). გათავისუფლების შემდეგ რატიანს უცნობმა პირებმა ისევ სცემეს საკუთარ სახლთან. მანამდე, 2017 წელს, პოლიციასთან ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ, რატიანი იძულებული გახდა ავსტრიაში, ემიგრაციაში წასულიყო.

2025 წლის 2 ოქტომბერს სასამართლოზე გამოსვლისას რატიანმა განაცხადა, რომ ციხეში მას სხვა პატიმრებისგან განსხვავებით, საწერ  მასალებზე წვდომა ეკრძალება.  

რატიანის საქმე ცხადყოფს საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მზარდ ტენდენციას, რაც განსაკუთრებით აშკარაა გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით დაწყებული ანტისამთავრობო პროტესტების ფონზე. მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც მოვლენებს აშუქებენ, პოლიცია ემუქრება ძალადობით, წამებითა და უხეში მოპყრობით. ამისთვის ჯერ არავინ დასჯილა. სასამართლო პროცესებზეც უგულებელყოფილია სამართლიანი სასამართლოს სტანდარტები.

საქართველოს ხელისუფლების აგრესიული კამპანია დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ არ წყდება. PEN International და პენ საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეასრულოს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებები და სრულად დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

დამატებითი ინფორმაცია:

ზვიად რატიანი  1971 წლის 5 იანვარს დაიბადა. მას მრავალი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული.

ის ხუთი პოეტური კრებულის ავტორია, ასევე თარგმნილი აქვს ინგლისური და გერმანული პოეზიის ნიმუშები, მათ შორის — ტომას სტერნზ ელიოტის, ეზრა პაუნდის, რობერტ ფროსტის, რაინერ მარია რილკესა და პაულ ცელანის ლექსები. ზვიად რატიანის ლექსები თარგმნილია ათზე მეტ ენაზე, მათ შორის ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, რუსულად, აზერბაიჯანულად, უკრაინულად და ლატვიურად.

2010 წელს რატიანმა მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“ საუკეთესო პოეტური კრებულისთვის („ნეგატივი“), ხოლო 2016 წელს — ლიტერატურული პრემია „ლიტერა“, საუკეთესო პოეტური კრებულისთვის („შენთვის შეიძლება“).

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელიც პოლიტიკური მოტივებით არის გასამართლებული და  ორი წლით აქვს თავისუფლება  აღკვეთილი. პოლიციის მხრიდან მის მიმართ სასტიკი მოპყრობის საქმე დღემდე გამოუძიებელია. PEN International-ი და პენ საქართველო მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი.

Total
0
Shares
Total
0
Share