„არანაირი ხელოვნური გადაკეტვა რუსთაველზე არ ყოფილა, ამაზე ბუნებრივი არსად არაფერი ხდება“, − თქვა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ სასამართლო პროცესზე დღეს, სანამ მოსამართლე ზვიად ცეკვავა მას რუსთაველის გადაკეტვისთვის 6 დღით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდა.
„კონსტიტუცია დახიეს, ქვეყნის საგარეო კურსი შეცვალეს. 100-ზე მეტი პოლიტპატიმარი გვყავს, სახები დაულეწეს ხალხს, დაასისხლიანეს — ამიტომ ვკეტავთ ბუნებრივად და არა ხელოვნურად გზას. ჩვენ ამ ბრძოლაში არ გავჩერდებით. სულერთია, რა გადაწყვეტილებას გამოიტანთ. არავინ არ შეშინდება. რუსთაველი გადაიკეტება იქამდე, სანამ არ დაეცემა ივანიშვილის რეჟიმი. ჩემი უფლება კი არა, ვალდებულებაა, ვიყო იქ, სადაც დგას ჩემი ხალხი“ – აღნიშნა ვახო სანაიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ დღეს გზის გადაკეტვის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს 14 აქტივისტი, 13 ადამიანზე კი საქმეა აღძრული და მათ უახლოეს დღეებში მიაკითხავენ. დაკავებულთა შორის არიან ყოფილი ჟურნალისტები – ნინო სვანიძე და ლევან ჯობავა, ასევე მხატვარი ლევან მარგიანი.
პენ საქართველო მოითხოვს დაკავებულების უპირობო გათავისუფლებას.
ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მას შემდეგ გაამკაცრა, რაც 5000 ლარიანმა ჯარიმებმა შედეგი ვერ გამოიღო − მალე ერთი წელი გახდება, რაც რუსთაველის პროსპექტი საღამოობით იკეტება. კოდექსში შესული ცვლილებებით გზის გადაკეტვა და პირბადეების ტარება პირველ ჯერზე ისჯება 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
როცა ქვეყანაში მყარდება და მკაცრდება ავტორიტარიზმი, როცა ხელისუფლება რეპრესიულ კანონებს ერთმანეთის მიყოლებით იღებს, მეორე მხრივ კი განათლების ისეთ „რეფორმას“ აანონსებს, რომლის მიზანიც უნივერსიტეტების ავტონომიის მოსპობა და ქართული საგანმანათლებლო სივრცის ევროპული განათლებისგან მოწყვეტაა, − მოქალაქეებს აქვთ პროტესტის ლეგიტიმური უფლება, და მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, ახორციელებენ კიდეც – რუსთაველის გამზირი პროტესტის მონაწილეებმა დღესაც გადაკეტეს.
ფოტო: პუბლიკა