დააკავეს მწერალი ბექა ქურხული

(პენ საქართველოს და საქართველოს წიგნის ასოციაციის ერთობლივი განცხადება)

საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო სამ დღეში რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის ან პირბადის ტარების გამო დააკავა მოქალაქეები, რომელთა შორისაც არიან მწერალი ბექა ქურხული, ჟურნალისტები ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი, მხატვარი  ლევან მარგიანი და სხვები.

ბექა ქურხულს მოსამართლემ 8 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ არც ერთი წამით, ვადასტურებ, რომ პროტესტში აქტიურად ვმონაწილეობ, 15 დღეს მომისჯიან თუ 15 თვეს, ჩემთვის მთავარია ღირსება და როგორ შევხედავ თვალებში ჩემს მეგობრებს და ჩემს ხალხს. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს!“ – თქვა მან სასამართლო პროცესზე.

ბექა ქურხული ცნობილი პროზაიკოსი და სამხედრო რეპორტიორია. არის მოთხრობების რამდენიმე კრებულის და რომანების ავტორი, მიღებული აქვს პრემიები საბა (2016) და თავისუფალი ლიტერა (2021). მუშაობდა „დილის გაზეთში“, რეპორტაჟებს აქვეყნებდა ცხელი წერტილებიდან და კონფლიქტური რეგიონებიდან: აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ასევე – ნატოს ბაზიდან ავღანეთში. მისი ბოლო რომანი „უკრაინული დღეები“ ომის დღიურია, რომელიც უკრაინაში ყოფნის შემდეგ დაწერა.

პენ საქართველო და საქართველოს წიგნის ასოციაცია სოლიდარობას უცხადებენ ბექა ქურხულს და ყველა დაკავებულს და მოითხოვენ მათ უპირობო და სწრაფ გათავისუფლებას.

ადმინისტრაციულ კოდექსში ბოლო კვირას შესული ცვლილებებით, აქციაზე სახის დაფარვა და გზის ხელოვნურად გადაკეტვა 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. ამ სამართალდარღვევის ხელმეორედ ჩადენა სისხლის სამართლის დანაშაულია და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში ამ ახალი კანონის დარღვევის 53 ფაქტი გამოავლინეს, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთაგან  ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენთა მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და  მათ საქმეებს სასამართლო უახლოეს დღეებში განიხილავს.

ვთვლით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამკაცრებით (რასაც მოჰყვა აქტივისტების  დაპატიმრება) „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა ცდილობს ქვეყანაში გააუქმოს გამოხატვის თავისუფლება და შეკრების უფლება. რეპრესიების გაძლიერებას ცხადი მიზანი აქვს − ჩაახშოს მოქალაქეების თავისუფალი ხმა, დათესოს შიში და მოსპოს „რუსთაველის პროტესტი“, რომელიც უკვე  330 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.


Total
0
Shares
Total
0
Share