საქართველოს პენცენტრის ორგანიზებით გაიმართა ლიტერატურული პრემია „ლიტერას” გამარჯვებულების დაჯილდოება. ლიტერატურულ პრემიაზე საკონკურსოდ განიხილებოდა 2024 წელს ქართულ ენაზე პირველად გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებები.
პენ საქართველოს მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიურის ხუთმა წევრმა – ალექსანდრე ლორთქიფანიძემ, ალექს ჩიღვინაძემ, ინა არჩუაშვილმა, რუსუდან რუხაძემ და ნანა აბულაძემ 77 საკონკურსო წიგნიდა 25 ფინალისტი 5 გამარჯვებული შეარჩიეს.
ლიტერატურული პრემია ლიტერას 2025 წლის ლაურეატები გახდნენ:
წლის საუკეთესო დებიუტი:
● თინათინ ნოღაიდელი, „ულვაშები” (სულაკაურის გამომცემლობა)
● ნიქო გორგილაძე, „აქ მიპოვი” (“ინტელექტი”)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული – თამთა დოლიძე, „მხოლობითი რიცხვი” (“ინტელექტი”)
წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა – ანა მარგველაშვილი, „წერილები მეფეს” (“ალონი”)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული – არმაზ ბეკარი, „მშვიდობით, სომერსეტ!” (სულაკაურის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო რომანი – ნოდარ ლადარია, „ელი, ელი” (“ინტელექტი”)
პენ საქართველოს სპეციალური პრიზი უბრალოებასა და სიმართლეში ნაპოვნი ადამიანური ღირსების პოეტურ სიტყვად ქცევისთვის, ჩაგვრასა და უკანონობასთან მებრძოლი, წინააღმდეგობის კოლექტიური სულისკვეთების გამოხატვისთვის, შეუპოვარი პოეტური და სამოქალაქო პოზიციისთვის, რომელიც მუდმივად შეგვახსენებს, რომ შეუძლებელია სინდისის, იმედის, გამბედაობის, თავისუფლებისა და სიმართლის წყურვილის დატყვევება, ჟიურისა და პენ-საქართველოს გადაწყვეტილებით, ლიტერა 2025 წლის განსაკუთრებული ჯილდო მიენიჭა პოეტსა და მთარგმნელს, ზვიად რატიანს.
ლიტერატურული პრემია „ლიტერა” 2015 წელს დააარსა სსიპ „მწერალთა სახლმა” და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ. 2021 წლიდან, როცა მწერალთა სახლის ჟიურის მუშაობაში უხეშად ჩაერია კულტურის და სპორტის სამინისტრო, მწერლების უმეტესობამ პრემიას ბოიკოტი გამოუცხადა. მას შემდეგ „ლიტერას” საქართველოს პენცენტრი გასცემს. ამ მოვლენების გამო „ლიტერა” იქცა თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებისა და ცენზურასთან ბრძოლის სინონიმად.
პრემიის მხარდამჭერები არიან „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” და PEN America.