ილიას უნივერსიტეტის ხელყოფა დაუშვებელია

პენ საქართველოს განცხადება

პენ საქართველო და ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, რომლებიც იზიარებენ ამ ორგანიზაციის სულისკვეთებას, სოლიდარობას უცხადებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები და განცხადებები ფაქტობრივად ანადგურებით ემუქრება უნივერსიტეტს: მისი პროგრამების 90 პროცენტი, მათ შორის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, უქმდება.

„იმედზე“ გამართული დებატებისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საბჭოთა პერიოდში ილიას უნივერსიტეტს მხოლოდ პედაგოგიკური მიმართულება ჰქონდა. გარდა იმისა, რომ ტყუილია (საბჭოთა კავშირში ილიას უნივერსიტეტი არ არსებობდა), ეს განცხადება თვალნათლივ ადასტურებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, საქართველოს განათლების სისტემა საბჭოთა, ტოტალიტარულ მოდელთან დააბრუნოს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 20 წლის წინ დაარსდა და ის თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საამაყო უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ყოველწლიურად იზრდება, ვითარდება და უამრავ ახალგაზრდას აძლევს მაღალხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.

პენ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ილიას უნივერსიტეტში არსებული ლიტერატურათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ქვეყანაში ერთადერთია და ხელს უწყობს არა მხოლოდ ლიტერატურული კვლევის განვითარებას საქართველოში, არამედ ქართული ლიტერატურის ხელშეწყობასაც და მის ჩართვას მსოფლიო ლიტერატურულ კონტექსტში.

ილიას და ასევე, სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტეტების წინააღმდეგ მიმართული, “დეფორმად” წოდებული რეფორმა აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს მთელ ქართულ აკადემიურ სივრცეს, სპობს აკადემიურ თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის განათლების სისტემას ქვეყანაში.

სოლიდარობას ვუცხადებთ ილიას უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან უნივერსიტეტის შესანარჩუნებლად.

უნივერსიტეტების ავტონომიაში ჩარევა დაუშვებელია.

Total
0
Shares
Total
0
Share