4 აპრილს ღამით დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი. თბილისის სასამართლომ ღამის 4 საათზე მისი სამშობლოში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, რომ აფგან სადიგოვის სიცოცხლეს აზერბაიჯანში საფრთხე ემუქრება.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს რამდენიმე თვის წინ მოსთხოვა, დროებით შეეჩერებინა აფგან სადიგოვის ექსტრადიცია, ამის მიუხედავად, შსს აცხადებს, რომ აზერბაიჯანში შეწყვეტილია მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა და მას საფრთხე არ ემუქრება. სადიგოვის იურისტი კი განმარტავს, რომ „ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი გამოყენების შესახებ ძალაშია, სანამ მას ევროპული სასამართლო თავად არ გააუქმებს და არ დარწმუნდება, რომ პირის უფლებების დარღვევის რისკები აღარ არსებობს“.
პენ საქართველო სოლიდარობას უცხადებს აფგან სადიგოვს და გმობს მის მიმართ გამოტანილ ანტიჰუმანურ და ანტისამართლებრივ განაჩენს.